თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება - კანცელარია უკვე მეოთხე დღეა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები გაფიცვასა და თსუ-ს ფუნქციონირების შეჩერებას აანონსებენ, თუ უნივერსიტეტი მათ მოთხოვნას მხარს არ დაუჭერს.
ცოტა ხნის წინ მათ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ განცხადება გაავრცელეს. სტუდენტების ინფორმაციით, კანცელარიის ოთახიდან გაიყვანეს დაცვის სამსახური და შესაძლოა მათ შენობა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინოს.
"პირველივე დღეს ჩვენ მშვიდობიანად შემოვედით, დავიკავეთ კანცელარიის ოთახი. ამასთანავე, ჩვენ მოვთხოვეთ დაცვის უფროსს, რომ დაცვის წევრებიც შემოეყვანა კანცელარიის ოთახში. ამ დროის განმავლობაში დაცვა იყო ჩვენს გვერდით და იცავდა ამ დოკუმენტებს. მაგრამ დღეს რაღაც ნაბიჯი გადმოდგა უკვე დაცვამ, რომ თითქოს რაღაც გააკეთა, რომ გაიყვანონ დაცვის წევრები ამ ოთახიდან და სრული პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრონ, რომელიც თავის თავში მალავს იმ საშიშროებას, რომ შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ უნივერსიტეტიდან," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა კაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ლექტორებს მოუწოდებენ გაიფიცონ, არ ჩაატარონ ლექციები და ამ ფორმით გამოუცხადონ სოლიდარობა უკანონოდ დაპატიმრებულებს.
ხასაია და ჩიქობავა პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ისინი კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. კაკი ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია "ილიაუნის." მათ სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პარალელურად, სტუდენტები უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას აკრიტიკებენ. მათი თქმით, დაკავებულების მიმართ უნივერსიტეტის რექტორატის პოზიცია მიუღებელია.
ასევე ნახეთ: