საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ გამოწვევად კვლავ საქმეთა გაჭიანურება რჩება, რომელიც განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო 5 წლის განმავლობაში - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის [GDI] კვლევაში.
ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10 წლის საქმიანობის შესახებ კვლევა მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვის მიუხედავად, რამაც გააუმჯობესა კოლეგიებში განაწილებისა და მომხსენებელ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, საჭიროა დამატებითი პირობების შეტანა ახალი მომხსენებელი მოსამართლის არჩევისას.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შერჩევის კრიტერიუმები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. სუბიექტური კრიტერიუმის შეფასების პრინციპი არ არის ჩამოყალიბებული. პროცესი არ არის გამჭვირვალე და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი. ასევე, გაუმჯობესებას საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების პროცესი. სასამართლოს გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია საქმის პლენუმისთვის გადაცემის მიზნით ინდივიდუალურ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შემუშავებული, დასაბუთებული შუამდგომლობებისა და წინადადების გამოქვეყნება.“
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმი არასაკმარისად გამოიყენება საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ.