ესტონეთის ბიბლიოთეკიდან XIX საუკუნის წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ტარტუს საოლქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ბექა ცირეკიძე დამნაშავედ 2022 წლის გაზაფხულზე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნის მოპარვაში ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ესტონეთიდან დეპორტაცია მიუსაჯა.
მედიის ცნობით, სასამართლომ მას თავდაპირველად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ვადა ერთი მესამედით შეუმცირა, რადგან საქმე გამარტივებული პროცედურით განიხილებოდა.
დამატებითი სასჯელის სახით, მას ესტონეთის დატოვება და ამ ქვეყანაში ხელახალი შესვლის ხუთი წლით აკრძალვა დაეკისრა.
საოლქო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ტარტუს უნივერსიტეტის სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც ცირეკიძეს 158 000 ევროს მატერიალური ზიანის, ასევე 2 712 ევროს იურიდიული ხარჯების გადახდა დაევალა.
საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ პროკურატურამ ცირეკიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ის ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ყალბი დოკუმენტებით, მკითხველად დარეგისტრირდა და 2022 წლის აპრილში, ჯერ კიდევ უცნობ ეჭვმიტანილთან ერთად, ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნი მოიპარა.
მოპარულ ტომებს შორის, რომლებიც ყალბებით შეიცვალა, იყო რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლაი გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალები, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება.