თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ბრალდების მხარე დანაშაულის აღიარებისა და ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას სთავაზობს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულები მზად არიან ზარალი აანაზღაურონ. სასამართლო პროცესზე დაკავებულებმა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარეს, ისინი სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა უარყოფენ ქმედების ჯგუფურად ჩადენის ნაწილს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით მხარდაჭერის წერილი გაავრცელეს თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებმა და პროფესორებმა, შეიქმნა პეტიცია, გრძელდება სტუდენტების აქციები.
"პროკურატურის ეს ახალი პოზიცია არის მისასალმებელი და სწორი. ჩვენ გვაქვს უკვე კომუნიკაცია აღსრულების სამსახურთან, მათ შორის იმისთვის, რომ ტექნიკური დეტალები დაზუსტდეს - რა ფორმით, როგორ უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება.
ჩვენ შევხვდით უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას, რომელმაც კვირას გადმოგვცა მხარდაჭერის წერილი. ამ დოკუმენტში რექტორი საუბრობს იმაზე, რომ აკაკი ჩიქობავა არის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არის გაუმართლებელი და უმჯობესია უფრო მსუბუქი ზომით შეიცვალოს პატიმრობა", - ამბობს ადვოკატი, გური იმნაძე.
აღკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.