ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს, რომელსაც ბრალად კოლეგის ადევნება ედება, აღკვეთი ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირო შეუფარდა. პროცესი დახურული იყო. კაცი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ბრალდებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება. პროკურატურა ამბობს, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა, დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.
"ვფიქრობ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება. ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო", - თქვა ბრალდებულმა სხდომის შემდეგ.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ დაზარალებულისა და მისი ოჯახის ჩვენება დევს.
საქმეზე დავა გაგრძელდება, მომდევნო პროცესი 22 მარტსაა ჩანიშნული.
პროკურატურა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციოში ასაჩივრებს. საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს.