ევროსასამართლომ გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. უგულავას თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა.

"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლება - დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.

შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.

ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა", - წერს უგულავა.

საქმე ეხება 2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა ქვედა ინსტანციების  გადაწყვეტილება და თბილისის ყოფილი მერი სამი წლით ციხეში გაუშვა.

გიგი უგულავა დავობდა იმის გამო, რომ ე.წ. ფონდების საქმე უზენაესი მოსამართლის რანგში განიხილა შალვა თადუმაძემ, რომელიც მანამდე იგივე საქმის ფარგლებში მთავარი პროკურორის რანგში წარმართადა სისხლის სამართლის იგივე საქმეს. მიუხედავად ინტერესთა აშკარა კონფლიქტისა, უზენაეს ინსტანციაში გადანაცვლებულმა თადუმაძემ საქმე არ აიცილა, და მეტიც, იმგვარი განაჩენი გამოაცხადა, როგორსაც ის პროკურორის რანგში მოითხოვდა.

უგულავას დაკავებას მწვავე საერთაშორისო პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი