სქემა, რომელსაც "სქაი გერლსის" ყოფილი თანამშრომელი გვიყვება, მძიმე დანაშაულია. ირკვევა, რომ ბარის მიერ არაოფიციალურად დაქირავებულ არასრულწლოვან გოგონებს, სხვადასხვა, ობიექტებიდან მამაკაცების გატყუება და იმ კლუბებში მიყვანა ევალებათ, რომლებიც თაღლითურ სქემაში არიან ჩართული. ყოველ მიყვანილ 1 კლიენტში კი მოზარდები 20 დოლარს იღებენ. წყარო გვიყვება, რომ ამის შესახებ იცის პოლიციამაც, თუმცა ისინი უკანონობას ხელს არ უშლიან. ეს კი სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია, რომ დანაშაულებრივ სქემაში თავად სამართალდამცავებიც ჩართულები არიან.
ასეთივე სქემით, 21 აგვისტოს ივიკო ფრუიძესა და მის მეგობრებს 2-მა გოგონამ "სქაი გერლსში" წასვლა შესთავაზა. ღამის კლუბში მისულმა 5-მა ადამიანმა კოქტეილი შეუკვეთა, თითომ - თითო. ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ კი მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათ 5 კოქტეილის ნაცვლად 25-ის და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის თანხას ახდევინებდნენ.
არარეალურად დიდი თანხა ივიკო ფრუიძემ იმ წამსვე გააპროტესტა. ითხოვა სათვალთვალო კამერების ამოღება და შეკვეთების გადამოწმება, რაზეც კლუბის თანამშრომლებმა აგრესია ვერ დამალეს. საბოლოოდ ივიკო ფრუიძე "სქაი გერლსის" 2 დაცვის წევრი, ამავე კლუბის 1 თანამშრომელი გოგონა და კიდევ 3 სხვა ობიექტის თანამშრომელი სასტიკად გაუსწორდა. დაზარალებულს მუშტებითა და რკინის ნივთებით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. მოტეხილ ხელზე ნაცემ ახალგაზრდას 1 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა ის მეორე ქირურგიული ჩარევის მოლოდინშია.
საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. თავდამსხმელებისგან 4 გაიქცა, დანარჩენი 2 სამართალდამცავებმა მხოლოდ გამოკითხეს. ბარი, სადაც 22 აგვისტოს დილის 4 საათზე ახალგაზრდა მამაკაცი სასტიკად სცემეს ამ დრომდე დალუქული არ არის, თუმცა დღეს ადგილზე მისულებს კლუბი დაკეტილი დაგვხვდა. უფლებადამცველის ინფორმაციით, ხვალ საგამოძიებო ექსპერიმენტი გამომძიებლებმა ივიკო ფრუიძესთან ერთად უნდა ჩაატარონ და დაადგინონ, რამდენი ადამიანი გაუსწორდა მას უმოწყალოდ და რომელი სათვალთვალო კამერების წინ.
სოციალურ ქსელებში ივიკო ფრუიძის ამბავს გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ და ყვებიან ისტორიებს, რომელიც ამ ღამის კლუბს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც ამ ბარში ხდება.
ეს ყველაფერი არ არის, თამარ ბარბაქაძე "მთავარს" უყვება,.რომ თავადაც გახდა "სქაი გერლსის" მენეჯმენტის მსხვერპლი. ის ამ ობიექტის თანამშრომლებს საკვებით ამარაგებდა. სულ 3 თვიანი თანამშრომლობის შემდეგ კუთვნილი თანხა თამარს აღარ გადაუხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მოტყუებულმა ქალმა კლუბის წარმომადგენლობას უჩივლა,მისი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თაროზეა შემოდებული. თამარის ინფორმაციით, პოლიციის გავლენიანი მაღალჩინოსანი მფარველობს და სწორედ ამიტომ უკვე მე-2 წელია სამართალი ვერ იპოვა.
ღამის კლუბის ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ მსგავსი თაღლითური სქემა არაერთხელ გამოყენებულა და ძირითადად მოტყუებულები უცხოელები რჩებოდნენ, თუმცა მათ რიგებში ქართველებიც ხვდებოდნენ. ამ თაღლითური სქემის არაერთ შემთხვევას "მთავარი არხის" არქივიც ინახავს.უცნობია, წინა იდენტური შემთხვევებიდან დაისაჯა თუ არა ვინმე. ერთ-ერთი ბარი, რომელშიც ფული მომხმარებელს ასეთივე სქემით რამდენჯერმე წაართვეს, სწორედ პოლიციელებს ეკუთვნოდათ.