რუსთავის სასამართლო აგრძელებს 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის არსებით განხილვას. საუბარია მისი დედისა და ბიძის ეპიზოდზე, რომლებსაც გამოძიება არასრულწლოვანი გოგონას იძულებით გათხოვებას ედავება. ორივე მათგანი დაკავებულია.
დღეს სასამართლოს წინაშე წესით მოკლული გოგონას კიდევ ერთი ბიძა, ბიძაშვილი და ბებია უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა მათ უარი თქვეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დღეს გამოიკითხა აითაჯის თანასოფლელი, რომელიც ამტკიცებს რომ გოგონას გათხოვება არ უნდოდა და ოჯახი აძალებდა, რის შესეხებაც თავად გოგონამ უამბო. სარმაია ინჯიკოვას თქმით, აითაჯს სწავლის გაგრძელება უნდოდა და აპირებდა ექიმი გამოსულიყო.
"სოფელში საუბრობდნენ, რომ აითაჯი დანიშნული იყო. ერთ დღეს სკოლასთან შემხვდა, მე კი მივულოცე. აითაჯმა მითხრა, რომ მას არ უნდოდა გათხოვება და ძალით ათხოვებდნენ. არ დაუკონკრეტებია ვინ ათხოვებდა ძალით. აითაჯის ქმარს მოუტყუებია, რომ გოგო სასეირნოდ უნდა წავიყვანოვო და აღარ მიუყვანია მშობლიურ სახლში." თქვა მოწმემ.
ამ ფაქტს სადავოს ხდის დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, მოწმის ოჯახი ბრალდებულის ოჯახთან წლებია კონფლიქტში იმყოფება და ჩვენება მათი მტკიცებით, სამართალდამცველების შედგენილია.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ალიმ სადიკოვია დაკავებული, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, არასრულწლოვანი ბავშვი ქორწინების მიზნით მოიტაცა.
გამოძიების ინფორმაციით, გოგოს წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ, ბრალდებულმა აითაჯი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.