რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრის, ხორცპროდუქტების განყოფილებაში 4 ადამიანი მოკლეს, 1 კი დაჭრილია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
1988 წელს დაბადებულმა კაცმა, სავარაუდოდ, სანადირო იარაღიდან ისროლა. ის პოლიციამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. მისი გვარი, ჩვენი ინფორმაციით, ორველაშვილია.
თავდამსხმელს, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი ჰქონდა. მან ბაზრის ტერიტორიაზე ბიძა მოკლა და ბიძაშვილი დაჭრა. დაშავებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრალდებული წარსულში თავადაც მუშაობდა ბაზარში, თუმცა რა გახდა თავდასხმის ზუსტი მიზეზი, უცნობია.