რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. რუსთავის საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 14:00 საათზე იმსჯელეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ორველაშვილი წარდგენილ ბრალს აღირებს.
სასამართლო დღეს იმსჯელებს მისი ძმის აღკვეთის ღონისძიებაზეც, რომელსაც ბრალი 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიხედვით, 9 თებერვალს ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად 5 პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 4 პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ძმები 9 თებერვალს დააკავეს. მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.