გორის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში ქვეითის დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 4 აპრილსაა ჩანიშნული.
კაცი 9 თებერვალს დააკავეს, ის შსს-ს რიგებში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირიცხებოდა. სასამართლოზე მან თქვა, რომ არ იცოდა, რომ 6 თებერვალს ღამით მოქალაქეს დაეჯახა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.
"სახლში მივედი, არსად არ მივმალულვარ, არც სადმე წავსულვარ. მაგას ვიტყვი კიდევ, რომ თვალთახედვის არე, მხედველობა მაქვს -2", - თქვა ბრალდებულმა სხდომაზე.
პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.