"ჩემი შვილის მკვლელი უნდა დაისაჯოს სასტიკად, მითუმეტეს, პოლიციელი იყო... დახმარება რომ აღმოეჩინა, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო" | დუშეთში დაღუპული ქვეითის დედა

გამოქვეყნდა:

პოლიციელი განსასჯელის სკამზე - გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა სამართალდამცველი, რომელიც დუშეთში მოქალაქეს ავტომობილით დაეჯახა და გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული შემთხვევის ადგილზე მიატოვა.

დაშავებული მამაკაცი მომხდარიდან მალევე გარდაიცვალა, საქმის გახმაურების შემდეგ კი, სავარაუდო დამნაშავე დააკავეს. ადვოკატები მისთვის 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. თავად ბრალდბეული კი სუსტ მხედევლობაზე აპელირებდა.

ჩემი შვილის მკვლელი უნდა დაისაჯოს სასტიკად, რაც შეიძლება. მაგას არ ეპატიება ის საქციელი, მითუმეტეს, პოლიციელი იყო. ის თუ დაარტყა და გაისროლა... რაზე წავიდა, რატომ მიატოვა. იმას ისეთი სასიკვდილო არაფერი არ ჭირდა, რომ ადგილზე მომკვდარიყო. დახმარება რომ აღმოეჩინა, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო, - ამბობს გულნაზი ლაშქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში ქვეითის დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 4 აპრილსაა ჩანიშნული.

კაცი 9 თებერვალს დააკავეს, ის შსს-ს რიგებში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირიცხებოდა. 
სასამართლოზე მან თქვა, რომ არ იცოდა, რომ 6 თებერვალს ღამით მოქალაქეს დაეჯახა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.

პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი