თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო | ახალგორელი აქტივისტი ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად" დანიშვნას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, შიმშილობა დაიწყო. მეარაყიშვილი ამ ფორმით დავით გურწიევის დროებით ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურორად დანიშვნას აპროტესტებს. 

"ჩემი მომართვის თემა არის დავით გურწიევის დანიშვნა ახალგორის რაიონის პროკურორად. მინდა გესაუბროთ იმ მიზეზებზე, რის გამოც, ჩემი აზრით, ეს ადამიანი არ არის ღირსი, მსგავსი საპასუხისმგებლო პოსტი ეკავოს. უკვე ერთი კვირაა, რაც წერილობით მიმართვებსაც ვწერ ამის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ამიტომ, მე გადავწყვიტე, გამოვაცხადო შიმშილობა და ვიშიმშილებ იქამდე, სანამ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურორი" პასუხს არ გამცემს, რატომ და რა დამსახურებებისთვის ნიშნავს "პროკურორად" დავით გურწიევს, რომელიც უკვე 15 წელია, რაც ჩვენი რაიონის მოსახლეობას ატერორებს",  - აცხადებს მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის დაუსწრებლად გაასამართლა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გურწიევი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. მათ შორის, დავით ბაშარულის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებისა და ცხინვალის ციხეში, პატიმრების წამების საქმეში.

გურწიევის ე.წ. პროკურორად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. ქართული მხარე საკითხს არც ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 117-ე შეხვედრაზე გააპროტესტებს, რომელიც დღეს იმართება. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ამას ფორმატი არ ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი