ერგნეთის შეხვედრაზე სუს-ი ტატუნაშვილის მკვლელის პროკურორად დანიშვნას არ გააპროტესტებს | რაზე ისაუბრებს ქართული მხარე

გამოქვეყნდა:

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელს დავით გურწიევს დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლება ახალგორის პროკურორად ნიშნავს. გურწიევი მცხეთის სასამართლომ 2020 წელს დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა უვადოდ მიუსაჯა. ის წითელი ცირკულარით ძებნილადაა გამოცხადებული.

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სუს-ი არ დააყენებს დავით გურწიევის საკითხს, შესაბამისად მისი ე.წ. პროკურორად დანიშვნა ერგნეთის შეხვედრაზე გაპროტესტებული არ იქნება.

ქართული მხარე შეხვედრაზე ისაუბრებს კირბალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეეცდებიან გაარკვიონ რა ღონისძიებები გატარდა მკვლელების მიმართ, სუს-ი ასევე მოითხოვს უპირობოდ გათავისუფლდეს საქართველოს 5 მოქალაქე, რომელიც ცხინვალის ციხეშია. 

"ბუნებრივია, თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი, ვინაიდან გვსურს მოვისმინოთ რა ღონისძიებები გატარდა, მკვლელების მიმართ, ასევე, მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, ასევე განვიხილავთ ბორდერიზაციის ფაქტებს, რომლებიც დაფიქსირდა მიმდინარე წლის განმავლობაში. 

დავით გურწიევთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის ცნობილი წლების განმავლობაში. ეს პიროვნება გახლავთ ძებნილი წითელი ცირკულარით და მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. [...] 

[გურწიევის გადმოცემას დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვთ?] დავით გურწიევის გადმოცემას, IPRM არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც ამ საკითხის დაყენება არის შესაძლებელი. დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებების შეფასებას მე მოვერიდები, ვინაიდან, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც იქნება ჩვენს სასარგებლოდ", - თქვა ანთაძემ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი