სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემ პოზიციაზე სხვისი უვადოდ დანიშვნა ეკრძალებოდა | რაზმაძე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა წინა ინსტაციის მიერ გამოცემული დროებითი განჩინება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალული ჰქონდა მის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი განჩინება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალული ჰქონდა ჩემს პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით", - წერს რაზმაძე.

რაზმაძე სამსახურიდან 2023 წლის 10 ნოემბერს გაათავისუფლეს. გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.

12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება და გოგა რაზმაძის განცხადება, გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზეც ითხოვდა გამოძიების დაწყებას განმცხადებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი