თავდაცვის ძალების კაპრალი სუიციდამდე ჯგუფურად სცემეს - ირაკლი აფრიამაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამხედროები დააკავეს. კაპრალმა აფრიამაშვილმა სიცოცხლე სუიციდით მიმდინარე წლის 11 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში დაასრულა. გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევამდე ის მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
დაკავებულები არიან - მიხეილ დოიჯაშვილი, რამაზ გოგიძე, ზურაბ ვაშაგაშვილი - ესენი თავდაცვის ძალების უკვე ყოფილი სამხედროები არიან, რომლებსაც პრპოკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
"დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ამდენი ხანი ფაქტობრივად, 18 ხდება 40 რაც ირაკლი გარდაიცვალა და დამნაშავეები არ იყვნენ დაკავებულები. როგორც კი დავინახეთ ირაკლი, იმ წუთასვე ჩვენ ერთხმად ყველამ ვთქვით, რომ ნამდვილად ძალადობის კვალი ეტყობოდა. ჩარტყმული ჰქონდა ბლაგვი საგნით საფეთქელში, ცხვირში, ყბაში, სახეზე ეტყობოდა დაზიანებები.... გატეხილი იყო თავი", - ამბობს ჯარისკაცის ოჯახის წევრი.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ადვოკატის მტკიცებით, 11 იანვარს "მცირე გაწევ-გამოწევა მოხდა".
"ბრალდებულებმა გაიგეს, რომ გარდაცვლილს ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები მათი მეგობრის მეუღლესთან, მივიდნენ ამის გასარკვევად და როდესაც გარდაცვლილმა ეს ფაქტი დაუდასტურა, იყო იქ მცირე გაწევ-გამოწევა და ამით დამთავრდა. ექსპერტიზა დანიშნულია, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ საქმეში არ არის, რაც არსებობს, ის მტკიცებულებები არ ქმნიან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის შემადგენლობას", - ამბობს ადვოკატი.
საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.