სამხარაულის ექსპერტიზის ორი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებული ორი განსხვავებული დასკვნა - ექსპერტები ახლა ამბობენ, რომ გიორგი შაქარაშვილს სახესა და თავზე ჰქონდა ისეთი დაზიანებები, რომელიც გონების დაკარგავს და მოძრაობის შეზღუდვას გამოიწვევდა. არადა, ივლისში გვიმტკიცებდნენ, რომ ეს დაზიანებები მსუბუქი ხასიათის იყო. 

ახლა ნამდვილად ყველაფერი შესაბამისობაშია. პროკურატურის ვერსია, რომ ხუთმა პირმა შაქარაშვილს სცემა და მდინარეში გადააგდო, უკვე ექსპერტიზის დასკვნითაც დაადასტურეს. კითხვების ჩამონათვალში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ ექსპერტიზის ბიუროში გააგზავნა, გვხდება ასეთი - რას ნიშნავს დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? ანუ რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი? ექსპერტებმაც უპასუხეს, რომ ეს დრო 10-დან 20 წუთამდეა. ჩნდება კითხვა - თუ ექსპერტებს ამ დროის განსაზღვრა შეეძლოთ, რატომ არ დაწერეს ეს იმ დასკვნაში, რომლითაც დაადგინეს, რომ შაქარაშვილი ასფიქსიით, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. 

დამოუკიდებელი ექსპერტებისგან განსხვავებით, კითხვები არ აქვს საექსპერტო ბიურო "ვექტორს", რომელიც საქმეში, დაზარალებული ოჯახის მოთხოვნით, პირველივე დღიდან ჩაერთო. ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც აქამდე ამტკიცებდა, რომ დაზიანებები სიკვდილთან კავშირში საერთოდ არ იყო, ახლა გვიმტკიცებს, რომ მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს. 

ახალი ექსპერტიზით გვიმტკიცებენ იმასაც, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 3 ან 4 დღე იყო. ეს კითხვა-პასუხიც საინტერესოა, რადგან ცხედრის წყალში ყოფნის შესახებ საგამოძიებო უწყება მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ თქვა, რომ გვამი აღმოჩენის  დროს წყალში მაქსიმუმ 48 საათის ჩაგდებული იყო, რადგან აღინიშნებოდა გვამური გაშეშება. სამხარაულმა უკრაინელი ექსპერტის ეს მტკიცება გამორიცხა, თუმცა კითხვებზე მხოლოდ მშრალი პასუხებია, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. 

ექსპერტიზის ეს დასკვნა საგამოძიებო უწყებისთვის ახლა მთავარი მტკიცებულებაა იმ 5 პირის წინააღმდეგოდ, რომლებსაც შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ედავებიან. თუმცა საქმეში ისევ ბურუსით მოცულია ჩანთა -  მასზე არც ერთი ბრალდებულის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა. პროკურატურაში ეს მნიშვნელოვანად არ მიაჩნიათ, თუმცა ისმის უამრავი კითხვა - თუ 5 პირი სცემდა გიორგი შაქარაშვილს, როგორ არ ამოვიდა ჩანთაზე ერთის დნმ-ი მაინც, ვინ დადო გარდაცვლილის ჩანთა ბურჯზე, დადეს იმ დღეს, თუ მეორე დღეს - ეს კითხვები ისევ პასუხგაუცემელია და ჩანთა ისევ ბურუსით მოცულ ეპიზოტად რჩება. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 18 პირია დაკავებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი