"საქართველოს ბანკის" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს, რომლებიც ბათუმის საკონდიტრო "დონაში" იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა "დონაში" და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდ-19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება. ეს ადამიანები "სოლო ლაუნჯის" თანამშრომლები არიან, - უთხრეს "საქართველოს ბანკში" "მთავარ არხს".

ბათუმში საკონდიტრო "დონას" მფლობელსა და 2 თანამშრომელს კორონავირუსი 1-ელ სექტემბერს დაუდასტურდათ. უკვე 3 სექტემბერს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა - მინისტრმა განმარტა, რომ აღებული 600-ზე მეტი ტესტიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში კი, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტს სხვა ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, 1 პაციენტი მედიკოსია, 7 - საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

3 სექტემბრის  მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 568
  • გამოჯანმრთელებულია - 1 279
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 185
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 215, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

საქართველოში, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი