4 წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

4 წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთს შესავალი სიტყვით მიმართეს. ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და ცეცხლსასროლი იარაღი რურუას პოლიციამ "ჩაუდო". 

დღევანდელ სხდომას რურუა არ ესწრებოდა. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არაერთი საეჭვო გარემოებაა, მათ შორის ის, რომ მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან და იმ 8 პოლიციელიდან რომელიც რურუას ჩხრეკას ესწრებოდა, 5 ოქმში ამბობს, რომ პროცესი არ დაუნახავთ.

საქმეზე შემდეგი სხდომა მოსამართლე შალვა კაკაურიძემ 18 მარტს ჩანიშნა.

"გიორგი რურუა იყო პოლიტიკური პატიმარი. ის აქეთ იყო დანაშაულის მსხვერპლი, ვინაიდან პოლიციელებმა "ჩაუდეს" ცეცხლსასროლი იარაღი და იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, ეს ცალსახად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის არსებული ექსპერტიზის დასკვნებით, ამის მიუხედავად საქალაქო სასამართლომ მაინც გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ გავასაჩივრეთ 2020 წლის ზაფხულში, 4 წელი ხდება და ახლა დაინიშნა პირველი სხდომა. ცალკე აღებული ეს ფაქტიც კი საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ აქ მართლმსაჯულების განხორციელებასთან არ გვაქვს ადგილი", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა. 2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.  2021 წელის 27 აპრილს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა.

ავტორი: დავით კობიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი