დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სამ ადგილობრივს, რომლებსაც "ტერორიზმში" სდებენ
ბრალს, პატიმრობა მიუსაჯა.
"სასამართლო" ამტკიცებს, რომ სამმა პირმა, გეორგი გოგიჩაევმა, ალან კარკუსოვმა და იანიკ კარკუსოვმა, 2006 წელს, საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, რამდენიმე ტერორისტული დანაშაული ჩაიდინა.
დე-ფაქტო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ექსტრემიზმში, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადებასა, შეძენას, შენახვასა და გადატანაში.
გეორგი გოგიჩაევსა და ალან კარკუსოვს 19-წლიანი, იანიკ კარკუსოვს კი 22-წლიანი პატიმრობა მიესჯა.
მსჯავრდადებულები სხდომას არ ესწრებოდნენ, ისინი მიმალვაში იმყოფებიან და მათზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.