ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს მიმართავს. ტიკარაძე კოლეგებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ.

მოგესალმებით, ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს!

ამ სახის კონფერენციები, ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.

ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს, პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში.

წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, - მიმართავს ექიმებს  ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს,  სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" ექიმების კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სასტუმრო დროებით ჩაიკეტა და 900-ზე მეტ ადამიანს გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევდნენ. 

გუშინ 3 სექტემბერს, ცნობილი გახდა ტესტირების შედეგები: "დრიმლენდ ოაზისში" აღებული ყველა კვლევის პასუხი უარყოფითია.  ბიოლოგიური ნიმუში სულ 924 ადამიანს აუღეს და როგორც გაირკვა, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი