თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხი უკვე ცნობილია. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად ბაჩალიაშვილის სხეულში დიდი ოდენობით პრეპარატების კვალი აღმოჩნდა. პროკურორის ინფორმაციით, მიღებული წამლების ოდენობა ბევრად აღემატება დაშვებულ ოდენობას.
საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია- აცხადებენ პროკურატურაში.
საგამოძოებო ორგანოს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, „გუგლის“ საძიებო სისტემაში ეძებდა ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.
იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში- აცხადებენ პროკურატურაში.
ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების კვალი მის მანქანაში ნაპოვნ ბოთლზეც აღმოჩნდა:
ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.
პროკურატურის განცხადება სრულად