შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა".
"პირველადი ინფორმაციით დაშავებულია 3 და გარდაცვლილია 1. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პირველადი შეხედულებით, აფეთქება გამოიწვია კონდიციონერის დაყენებისას გაზის ბალონმა"-ამბობს თბილისის საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
საგანგებო სიტუაციებიების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ერთი პირი, დაშავებულია 3.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტერიტორიაზე სახლების ფანჯრები ჩაიმტვრა.