"ვნახე დაკავებული... სამმართველოში შეუძლოდ გახდა - [ბრალს] არ აღიარებს", - ამის შესახებ წალენჯიხის მერიის დაკავებული ერთ-ერთი თანამშრომლის, თემურ მებონიას ადვოკატი თამარ კვარაცხელია საუბრობს.
ვნახე დაკავებული, ამ ეტაპზე გადაყვანილია დედაქალაქში. საქმის გამოძიება იქნება. ამ ეტაპზე არაფერს საუბრობს თვითონ დაკავებული. შეუძლოდ გახდა და ძირითადად ამაზე შევყოვნდით სამმართველოში. საქმის მასალებსაც არ გავცნობივარ, არც ბრალის წაყენება არ ყოფილა. როგორც ვიცით ზეპირსიტყვიერად, ხვალ უნდა მოხდეს, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება შემდეგ იქნება. არც აღიარებს, რა თქმა უნდა... დუმილის უფლებას იყენებს, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერიის ორმა თანამშრომელმა, სუს-ის ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ემა გოგოხია