დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

გამოქვეყნდა:

ბულინგის მძიმე შემთხვევა ბათუმში - ერთ-ერთი კერძო სკოლის პირველკლასელის მშობელი ამტკიცებს, რომ მის შვილი თანაკლასელებმა საკლასო ოთახში გააშიშვლეს და წიხლებით სცემეს. მშობლის განმარტებით, შემთხვევას შეესწრო პედაგოგიც, რომელმაც მომხდარი არ შეიმჩნია და საგაკვეთილო პროცესი გააგრძელა. როგორც ირკვევა ეს არაა მოზარდის მიმართ თანატოლების ბულინგის პირველი შემთხვევა. მას პერიოდულად სცემდნენ, პირში  ტენიდნენ მტვრის ტილოს და დასცინოდნენ, რაზეც რეაგირება სკოლის ადმინისტრაციას არ ჰქონდა და მშობლებს ურჩევდნენ, მომხდარისგან ტრაგედია არ შეექმნათ. 

ბავშვის დედამ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. შემთხვევა 9 თებერვალს მოხდა.

სკოლის დირექციაში ამბობენ, რომ ბავშვს კონფლიქტი ჰქონდა კლასელებთან და მშობელს ურჩიეს, რომ ის ან გადაეყვანათ, ამ მასთან მუშაობა ფსიქოლოგს დაეწყო. სკოლაში ამბობენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეები თამაშობდნენ. 

"მე გუშინ ვიყავი საგამოძიებო უწყებაში და გაირკვა ძალიან ბევრი ახალი გარემოება. ბავშვის დედის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან არის დამახინჯებული. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს მოწმეები და დაადგინეს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ მოვაწერეთ ხელი საბუთს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულებულა, უფლება არ გვაქვს ამ საკითხზე ვისაუბროთ. დღეს მოწვეულები იქნებიან ასევე სხვა მოწმეებიც. ჯერ ჯერობით შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ სარჩელის შემტანმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს. არსებობს მოწმეები, რომ მას სურს რაღაცნაირად დააზარალოს სკოლა. მე მინდა, რომ გაირკვეს სიმართლე. კამერები არის დერეფნებში, მაგრამ არა საკლასო ოთახებში. ამ ბიჭზე სისტემატიურად მოდიოდა საჩივრები სხვა მშობლებისგან და ჩვენ გვინდა, რომ სკოლის რეპუტაცია არ დაზიანდეს. ეს ინციდენტი მოხდა საკლასო ოთახში და მას ჰქონდა თამაშის ფორმა, ყველა ბავშვმა ეს აღიქვა, როგორც თამაში." ამბობენ სკოლის ადმინისტრაციაში

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სხვა სკოლაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. "მთავარის" ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი