შენგენის ზონაში გადაადგილების აკრძალვა არაკონსტიტუციურია - GDI საკონსტიტუციოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვით,  2021 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიცია  საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, არაკონსტიტუციურად თვლის და მის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს.

ორგანზაციაში ამბობენ, რომ გარდა არაკონსტიტუციურობისა, კანონი საერთაშორისო სტანდარტებსაც ეწინააღმდეგება.

მიღებული კანონი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ მიმოსვლის თავისუფლებას, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობას. მართალია აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, თუმცა აუცილებელია ნებისმიერი შეზღუდვა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ კრიტერიუმებს- ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს თანაზომიერი. მიღებული კანონი პრობლემურია ორივე თვალსაზრისით - ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე თუკი იგი შენგენის ზონაში მიემგზავრება და სახეზეა კანონში მითითებული ერთ-ერთი გარემოება. მაგალითად, თუკი იგი არ წარადგენს კონკრეტულ დოკუმენტაციას, როგორიცაა სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა და ა.შ.

კანონპროექტი 2018 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და მისი ავტორები არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.

კანონმდებლები შეზღუდვების აუცილებლობას ბოლო პერიოდში, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებითა და ევროპაში, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობით ხსნიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი