ხაშურელ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებენ | ივანაშვილების ოჯახი პროკურატურას მიმართავს, უწყება დუმს

გამოქვეყნდა:

ხაშურელ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ - ივანაშვილების ოჯახმა პროკურატურას წერილობით უკვე მიმართა, თუმცა მესამე თვეა უწყება დუმს. საქმე ეხება სოფელ ვაყაში მცხოვრები ოჯახის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს და ქონების წართმევის მცდელობას, რომელშიც ქრთამის აღებაში ნასამართლევი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი ფიგურირებს.

როგორც ივანაშვილები ამბობენ, მათ სახელმწიფო უწყებებმა ქონება 2021 წელს დაურეგისტრირეს, 2023-ში კი წაართვეს. ივანაშვილები პროკურატურას მოუწოდებენ, დაინტერესდნენ საქმით და შეისწავლონ ხაშურელი მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციული სქემა.

"2021 წელს მერიამ მოგვაკუთვნა ეს ტერიტორია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ მოეწონათ, რა ვიცი, ვიღაცებს და 2023 წელს გაგვიუქმეს... თანამშრომლები არიან იქ რამოდენიმე, რომელსაც თავისი სამსახურებრივ მოვალეობებს ცუდად იყენებენ. მერიის წარმომადგენელი, იურისტია, ღვალაძეა თუ არ ვცდები. შევედი, მინდოდა გასაუბრება და ასეთი რამ მიბრძანა, რომ თქვენო დაანგრიეთო ის კედელიო, პირველად რომ დაგვანგრევინეს, თქვენო ჩათვალეთო თქვენი თავი დამნაშავეებადო და იმიტომ დაანგრიეთო. ჩვენ გვითხრეს, რომ, აი, კანონით, მოდი, ჯარიმის და იმის გადახდას გავაკეთოთ ესე, დავანგრიოთო. დავანგრიეთ, კი ბატონო, მაგრამ აღმოჩნდა თურმე, რომ შეცდომაში შეგვიყვანეს," - ამბობს ნანი ივანაშვილი.

ცნობისთვის, "მთავარი არხი" დაუკავშირდა ხაშურის მერიის იურიდიული სამსახურის მოქმედ უფროსს, დავით ღვალაძეს, რომელსაც ივანაშვილები ქრთამის აღებასა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. თუმცა, მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს: "ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სამართალდამცავი უწყება იძიებს ამ საქმეს და ის პასუხს გასცემს ამ საქმეს", - თქვა მან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი