შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგში," მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 464 595,2 ლარი შეადგინა.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს" - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.