გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროგრამისტის ახლო მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებებს ასაჯაროებს, სადაც რამიშვილის თქმით, დეა კაპანაძე გამოძიებას სხვდასხვა დროს, სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის.
რამიშვილს ეჭვი აქვს, რომ დეა კაპანაძე და პროკურატურა თანამშრომლობენ და გამოძიება საკუთარი ვერსიის- თვითმკვლელობის გამყარებას, სწორედ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრის ჩვენებებით ცდილობს.
დეა კაპანაძე ერთ ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სუიციდი რამდენჯერმე სცადა. ის იმ მეთოდებსაც ასახელებს, რა გზითაც თამარი თავის მოკვლას ცდილობდა.
ერთ-ერთ პირველ ჩვენებაში, კაპანაძე წერს, რომ წარსულში, თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მათი საერთო მეგობრისა და თანაკლასელისგან მიიღო, ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის შესახებ თავად თამარმა უამბო.
თამარის მეგობარი გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილი ვინმეს თხოვნით ქალაქიდან გასულიყო. ამის მიზეზად კი დეა კაპანაძე ამბობს, რომ ის მშიშარა ადამიანი იყო.
"თავდაპირველად მე განგიცხადეთ, თითქოსდა თამარის მიერ წარსულში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი შევიტყე მისი თანაკლასელებისა და ჩემი მეზობლისგან. სინამდვილეში აღნიშნული შევიტყვე თამარ ბაჩალიაშვილისგან 3 წლის წინ. ასევე მოგახსენებთ, რომ რა თემას მოჰყვა ხსენებული საუბარი, არ მახსოვს. თუმცა მახსოვს, რომ თამარმა მომიყვა იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. თამარი არის გულჩვილი და ამავდროულად მშიშარა ადამიანი. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის თხოვნით და დახმარების მიზნით თამარი წასულიყო უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს იქნებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინაიდან თამარი არის მშიშარა და ამის გამო ადვილად არავის ენდობოდა. მით უფრო მამაკაცს, რომლის გამოც შეიძლება ქალაქიდან გასულიყო", - წერია დეა კაპანაძის ჩვენებაში.
მიხეილ რამიშვილმა დღეს, გარდაცვლილის ბებიის ჩვენებებიც გაასააჯაროვა. რიტა ზურაბიშვილი თამარს ჩაკეტილ ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ არ იცოდა ზუსტად სად მუშაობდა მისი შვილიშვილი:
"თამარ ბაჩალიაშვილთან მქონდა ძალიან ახლო, ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. იგი ჩემს საცხოვრებელ სახლში ატარებდა საკმაოდ დიდ დროს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, თუმცა თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი პიროვნება და პირად თემებზე, გრძნობებზე ან განცდებზე ფაქტიურად არ საუბრობდა. თამარი იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ამიტომაც მე ვცდილობდი მასთან მესაუბრა პოზიტიურ თემებზე, დამეყენებინა კარგ ხასიათზე, თუმცა კონკრეტულად რას განიცდიდა, ამაზე ჩემთან არ საუბრობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თამარი მუშაობდა დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. თავად საუბრობდა, რომ ამზადებდა პროექტს, თუმცა რა პროექტზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ვერ ვერკვევი კომპიუტერულ საკითხებში. ერთხელ ჩვენ ერთად გამოვაცხეთ ნამცხვრები, რომელიც თამარმა მიართვა თავის თანამშრომლებს", - წერია რიტა ზურაბიშვილის ჩვენებაში.
მიხეილ რამიშვილი, უახლოეს დღეებში მედიასთან კიდევ რამდენიმე მტკიცებულების გასაჯაროებას აანონსებს, მათ შორის იქნება მწყემსების ჩვენებები.