ფეიქრების ქუჩის 2 ნომერში საზარელი მკვლელობის ფაქტზე არაფერს ამბობენ. დაახლოებით დღის 5 საათისთვის, მეზობლები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღებით საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაუპირისპირდნენ. Რა მოხდა რეალურად 2019 წლის 1-ელ თებერვალს და რა ვითარებაში გარდაიცვალა 70 წლის გივი ბოლოთაევი? - თუკი პროკურატურის მრავალტომიან საქმეს გავყვებით და მოწმეების არაერთხელ შეცვლილ ჩვენებას გავითვალისწინებთ მოვლენები ასე წარიმართა:
გივი ბოლოთაევის Მკვლელობის საქმეში მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ფიგურირებენ - მათ შორისაა ბოლოთაევის შვილი - ჯაბა შარანგია-ბოლოთაევი, მეორე მხარეს, კი შოთა ცაგარეიშვილი,ზურაბ ქვათაძე და მამუკა ქვათაძე. საქმის მთავარი მოწმეები არიან - გივი მახვილაძე და გივი ფაშურაშვილი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 9 და 7 მილიმეტრიანი ტყვიის მასრები და ორი ტყვიის ლულა, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღები ვერ ნახეს, პროკურატურამ მხოლოდ ორი ცალი ე.წ სტარტოვკა, არასაბრძოლო იარაღი ამოიღო. დაასკვნა, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შოთა ცაგარეიშვილი და მოკლული, გივი ფაშურაშვილი ერთმანეთისგან 5 მეტრის დაშორებით იდგნენ. მოკლულის სხეულში შვიდ-მილიმეტრიანმა ტყვიამ გაიარა და მისგან 22 მეტრში დავარდა.
გამოძიება დასრულდა და მტკიცებულებები განსახილველად სასამართლოს გადაეცა. მოგვიანებით საქმეს შეემატა სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც თქვა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მსხვერპლი ერთამენთისგან არა ხუთი მეტრის დაშორებით, არამედ ერთ მეტრში იმყოფებოდნენ, რადგან მოკლული გივი ბოლოთაევის სხეულზე აღმოჩენილია დენთის კვალი, რომელიც პროკურატურას თავიდანვე უნდა შეემჩნია. ეს ვერსია კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, სროლასა და ვაზნებს შორის დასახელებულ მანძილს, მით უფრო, რომ გამოძიება ცხელ კვალზე მივიდა და სავარაუდოდ, მტკიცებულებების გაყალბება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო.
თუკი ექსპერტიზის დასკვნას დავუჯერებთ, გივი ბოლოთაევი ახლო მანძილიდანაა მოკლული, გამჭოლი ჭრილობა კი ზემოდან ქვემოთ მიემართება, გულმკერდის მიდამოში მოხვედრილი ტყვია ზურგიდან გამოდის, დაცვის მხარის ვერსიით ტყვიის მსგავსი ტრაექტორია მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუკი მკვლელი მსხვერპლზე გაცილებით მაღალია ან შემაღლებულ ადგილას იდგა.
ჯაბა შარანგია-ბოლოთაევი ჩვენებაში ამბობს, რომ ისე.წ სტარტოვკიდან ისროდა, მაგრამ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მისი გენეტიკური მასალა ამ იარაღებზე ვერ აღმოაჩინეს. მათ ეჭვს ის ფაქტიც ამყარებს, რომ იმ ადგილიდან 1-2 მეტრში, სადაც ჯაბა შარანგია იდგა, ნაპოვნია ცეცხსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 9 მმ მასრები. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ჯაბა შარანგიას პროკურატურა ხელს განგებ აფარებს, ვინაიდან ის ცრუ მოწმეა 2006 წელს მომხდარ ე.წ კორტების საქმეში. ამ შემთხვევის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიღუპნენ. 2015 წელს პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. ადვოკატ დავით ახალაურის თქმით, სწორედ პოლიციელების წინააღმდეგ გამოიყენა პროკურატურამ ციხეში მყოფი ჯაბა შარანგია.
რატომ სჭირდებოდა ე.წ ორი "სტარტოვკა" და გამოიყენა თუ არა მან ცეცხსასროლი იარაღი მკვლელობის დღეს - ყველა შეკითხვაზე "მთავარს" შარანგია ირონიულად და აგრესიულად პასუხობს.
გივი მახვილაძე შეიარაღებულ თავდასხმის დროს მკლავში დაიჭრა, მაგრამ ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს.
საქმეში დევს კიდევ ერთი მოწმის დაკითხვის ოქმები, რომელმაც ჩვენება არაერთხელ შეცვალა. თავიდან
ამბობდა, რომ არაფერი გაუგონია და არც დაუნახავს. შემდეგ მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება."მთავარი" ამ ადამიანს ესაუბრა და მისსავე უსაფრთხოების გამო სახელსა და გვარს არ ვასახელებთ. ის შემზარავ ისტორიას ყვება და ამბობს, რომ დაკითხვების დროს პოლიცია მას სასტიკად უსწორდებოდა, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოშიც მოხვდა და ათი დღის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე ამბობს, რომ არავის ენდობა და სრულ სიმართლეს სასამართლოზე ისაუბრებს.
Რატომ არ საუბრობენ ფეიქრების ქუჩაზე, ვისი ეშინიათ ან რატომ გაურბიან მედიასთან საუბარს, არავინ იცის, მაგრამ მუქარაზე საუბრობს დაცვის მხარე, რაც დაადასტურა ჯაბა შარანაგიას დედამაც, როდესაც ინტერვიუს დროს ადვოკატ დავით ახალაურს დაემუქრა.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება მოცემული მტკიცებულებებით დასრულებულია. ახლა ჯერი სასამართლოზეა, არავინ იცის რა ვერდიქტს გამოიტანს უწყება, რომელსაც საქმის მონაწილეეები ყველაზე მეტად ენდობიან.