ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ პირველი კანონი დაამტკიცა. რეგულაციას მხარი 523-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 46 წინააღმდეგი იყო, 49-მ კი თავი შეიკავა.
ახალი კანონი მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და გარემოს მდგრადობის დაცვას მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტისგან, ხოლო ინოვაციების გაძლიერებასა და ევროპის ლიდერად დამკვიდრებას ამ სფეროში.
რეგულაცია აწესებს ვალდებულებებს ხელოვნური ინტელექტისთვის მისი პოტენციური რისკებისა და ზემოქმედების დონის მიხედვით. წესები ეხება ისეთ სისტემებს, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT.
მაგალითად უფრო მკაცრი წესები გავრცელდება "მაღალი რისკის" აპლიკაციებზე", როგორებიცაა სახის ამომცნობი სისტემები. კანონი კრძალავს მასობრივ თვალთვალს ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით, როგორც ეს ხდება ჩინეთში ან რუსეთში. მომავალში ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო.