უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას ერთი წევრი გამოაკლდა | "სასამართლოს გუშაგი" მიზეზს განმარტავს

გამოქვეყნდა:

"სასამართლოს გუშაგის" ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ხატია ჯავახიშვილის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, ასევე არ იძებნება ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.

კანონი მოსამართლეობის მსურველ კანდიდატად რეგისტრირებულმა პირებს ავალდებულებს, რომ აღნიშნული ცნობები წარადგინონ. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვადად განსაზღვრული იყო 2024 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდი.

ორგანიზაცია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, მოხსნა თუ არა კანდიდატურა ხატია ჯავახიშვილმა. 

"ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობა კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა. შესაბამისად, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, ხატია ჯავახიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვეღარ იქნება და მისი რეგისტრაცია უქმდება.

აღსანიშნავია, რომ ხატია ჯავახიშვილი მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაკავშირებული პირია, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი, ვანო ბოლქვაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორია. გარდა ამისა, ხატია ჯავახიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კონსულტანტია 2018 წლიდან, მანამდე კი მუშაობდა  თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროს კონსულტანტად", - აცხადებს ორგანიზაცია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი