
კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ვამცირებთ, იმისთვის რომ დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებს, 8 დღის მერე იქნება PCR ტესტი, მე-9 დღეს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინე სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება 12 დღის თავზე კიდევ ერთი PCR ტესტი, ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინე დღეებს და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ მოქალაქეებს-ამბობს გახარია.
15 სექტემბრიდან, PCR ტესტის პასუხის წარდგენა საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს მოუწევს
„15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება იქონიონ 72 - საათიანი PCR ტესტი, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ კოლეგებთან და პარტიორებთან, ჩვენი მოქალაქეების და სტუმრების ჯანმრთელობაც დავაზღვიოთ.
ეს გადაწყვეტილება ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაუწესდებათ მსგავსი თხოვნა 15 სექტემბრიდან“,-განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 14 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, კარანტინისა და იზოლაციის სავალდებულო ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა.