დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების კონტროლი მკაცრდება 

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო კონტროლის გამკაცრებაზე ალაპარაკადა. გიორგი გახარიას თქმით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება. 

აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურისედ გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები.მინდა ყველა დავაწყნარო, რომ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, სწავლა იწყება, და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არანაირი რისკი არ იქნება, - თქვა გახარიამ.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, დახურულ და ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ობიექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად, მონიტორინგის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთვება.ასევე  დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის 10-კაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება და შესაბამისი რეკომენდაციების დარღვევა შესაბამისი სანქციების გამოყენებას გამოიწვევს.

მექანიზმი შემდეგნაირად იმუშავებს, თუ მივიღებთ ინფორმაციას, რომ ესა თუ ის დაწესებულება გეგმავს სოციალურ ღონისძიებას, მოხდება გაფრთხილება და მაინც განხორციელდების შემთხვევაში, შესაბამისი სანქცირების მექანიზმის გამოყენება იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის, ხოლო ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის განმეორებით ჩადენა კი სისხლისსამართლებრივ დევნას გამოიწვევს. გეგმური ზედამხედველობა ძალიან აქტიური იქნება, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მსგავს დაწესებულებას შევამოწმებთ, ამასთან, პრევენციულად მოვახდენთ მათ ინფორმირებას“,-თქვა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროთი მგზავრობის დროსაც.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლს უფლება აქვს, პირბადის გარეშე ასულ მგზავრს, ტრანსპორტი დაატოვებინოს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი