ზ.ხ-ს მამა და შაქარაშვილის საქმის პროკურორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში, სადაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო მიმდინარეობდა, არასრულწლოვან ზ.ხ-ს მამასა და საქმის ერთ-ერთ პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა.

ზ.ხ-ს მამის მტკიცებით არასრულწლოვანს 10 საათის შემდეგ, 16 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

ჩვენ გვქონდა უფლება  ღამის საათებშიც დაგვეკითხა ადამიანი,16 საათიც შეიძლება მიმდინარეობდეს პირის დაკითხვა, გააჩნია შემთხვევას, შესვენების გარეშე არა, შესვენებებით. რაც შეეხება არასრულწლოვანს 10 საათამდე უნდა დაიკითხოს. გარდაცვლილ ადამიანის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, ვეძებდით ადამიანს, რომელიც არ ვიცოდით სად იყო, რა მდგომარეობაში იყო და ა.შ. ახლა როგორ შეიძლება ის ვთქვათ, რომ გამომძიებელს 10 საათის შემდეგ დაკითხვა არ უნდა ჩაეტარებინა, - თქვა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა.

გლდანის ციხეში გადაღებულ ფარულ ჩანაწერებში ზ.ხ ამბობს, რომ მას ბრალი უსამართლოდ დაუმძიმდა და იმ შემთხვევაში, თუ მას ციხეში დატოვებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას გაუსწორდება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 7 სექტემბერს საქმის მთავარი მოწმეები დაკითხეს, მათ შორის იყო ანა გაბეჩავაც, რომელმაც მედიასთან აღნიშნა, რომ ყველა კითხვას უპასუხებს.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გლდანის ციხეში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც განიხილეს. ვიდეო-ჩანაწერები, როგორც ამბობენ, საკმაოდ ინფორმაციულია და, შესაძლოა, სწორედ ის გახდეს გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი გასაღები. 

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული, თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. 

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი