პროკურატურა მტკიცებულებებს მალავს - ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი ამბობს, რომ მის ოჯახს უთვალთვალებენ

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გასაჯაროება და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე საუბარი დაწყო მისი ოჯახის წევრებზე, მასე და შვილზე თვალთვალი დაიწყო.

რამიშვილი ამბობს, რომ მის 23 წლის გოგოს რომელიც რამიშვილის ავტომობილით სარგებლობს უცხო ავტომობილით დაყვებიან. ფარული მიყურადება და მოსმენა მიმდინარეობს მის სახლსა და ოფისშიც.

პროკურატურა გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმის საკვანძო მტკიცებულებებს მალავს.

ოჯახის ადვოკატი ელოდება განმარტებებს- რატომ არ იმუშავა სამძებრო სამუშაოებისას აერო გადაღების კამერამ იმ ტერიტორიაზე, სადაც 23 წლის პროგრამისტი გადაადგილდებოდა და მისი კვალი ბოლოს დაფიქსირდა. 

გამოძიებამ დამალა ექსპერტიზის დასკვნის ისეთი დეტალები, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი გოგონას სისხლი მანქანაში რამდენიმე ადგილზეა აღმოჩენილი.

გარდა ავტომობილის ხალიჩისა თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის წვეთები აღმოჩენილია პირბადეზე, ფეხსაცმელსა და ტელეფონის ორივე კედელზე.

ბაჩალიაშვილის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოების დამალვის მიზეზზე განმარტებები დღესაც არ გაკეთებულა. 

ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სისხლის წვეთები ხალიჩასა და ფეხსაცმელზე თამარ ბაჩალიაშვილის ვენაში ინექციით პრეპარატების შეყვანის დროს გაჩნდა. როგორც ადვოკატი ამბობს, პრეპარატების ერთობლიობა, რომელიც ასჯერ აჭარბებს იმ დოზას, რასაც ლეტალური შედეგის გამოწვევა შეეძლო ორგანიზმში ორალური გზით მიღებისას ვერ აღმოჩნდებოდა. 

ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურადაა ახსნილი, რომ მხოლოდ X და Y პრეპარატების სინთეზს შეეძლო ლეტალური შედეგის გამოწვევა. გარდა ამისა, წერია ისიც, რომ ამ პრეპარატების ზუსტი რაოდენობის დადგენა ორგანიზმში შეუძლებელია, რადგან ცხედარი განიცდიდა ძლიერ ლპობას.

ადვოკატს აქვს ეჭვი, რომ პრეპარატების ასჯერ გადამეტებული დოზა ბაჩალიაშვილის სხეულში განზრახ შეიყვანეს, რომ ხრწნა დაჩქარებულიყო და ინექციის კვალი არ გამოჩენილიყო. 

სისხლის კვალის გარდა საქმეში ჩნდება კიდევ ერთი საეჭვო გარემოება. ავტომობილში აღმოჩენილია დნმ პროფილები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს არ ეკუთვნის. 

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ამოსული დნმ ნიმუშებიდან მხოლოდ ორი შესაძლოა იყოს ბაჩალიაშვილთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირის. ერთი პროფილი კი იდენტიფიცირებული არ არის. ამ ინფორმაციას პროკურატურა არათუ მალავდა, სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა დგებუაძემ მთავარი არხის კითხვაზე იცრუა.

როგორ მოხვდა უცხო დნმ ნიმუშები ავტომობილში, ან ვის ეკუთვნის, ექსპერტიზას პასუხები არ აქვს. ექსპერტიზა ასევე ვერ ადასტურებს, რომ ავტომობილში ერთ-ერთი ნიმუში თეონა თამაზაშვილისაა, რომლის მტკიცებითაც  ის მანქანაში წინა დღეს იჯდა. 

ცენტრ "ემპათიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს.

კიდევ ერთი ეჭვი დრონის ჩანაწერებმა გააჩინა. 30 წუთიანი ჩანაწერი, რომელიც აეროგადაღების კამერამ 19-20 და 21 ივლისს გადაიღო, რამიშვილს არწმუნებს, რომ მაწევანის მინდორში, იქ სადაც ავტომობილი 22 ივლისს იპოვეს, სამძებრო სამუშაოები მიზანმიმართულად არ ჩატარებულა. 

იმის მიუხედავად, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს კამერამ ხაიშში, ადგილობრივებმა კი სოფელ გოლთეთში დააფიქსირეს, რატომღაც პოლიციელებს სოფლის მიმდებარე ტერიტორია არ გადაუღიათ. 

22 ივლისს "მთავარი არხის" აეროგადაღების კამერა სწორედ სოფელ გოლთეთიდან, იმ ადგილიდან აფრინდა, სადაც ბოლოს თამარი ნახეს, მაწევნის მიმართულებით გადაადგილებისას, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ადვილად გამოჩნდა.  

ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ მის მიერ ნანახ კადრებში, რომელიც 19 ივლისით თარიღდება დროც შეცვლილია და რომ სამძებრო სამუშაოები საერთოდ არ ტარდებოდა. კითხვები უჩნდება ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ადვოკატსაც, რომელიც საქმეში დღეს ჩაერთო.

თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმის მასალების გაცნობას ხვალიდან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იწყებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი