დიალოგი ციხის საკანში - შაქარაშვილის საქმის ბრალდებულები შურისძიებით იმუქრებიან

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხეში ჩანაწერი ნიკოლოზ რევაზიშვილის ყოფილი თანასაკნელის ჩვენებიდან რამდენიმე დღეშია გადაღებული. სწორედ კობა ჩიტიძეა მოწმე, რომელმაც შაქარაშვილის მკვლელობაზე, პროკურატურის ვერსია სრულად გაიმეორა. ბრალდებული რევაზიშვილი თანასაკნელებს უმტკიცებს, რომ ჩიტიძემ ცრუ ჩვენება თავისუფლების სანაცვლოდ მისცა, რის გამოც ის შურისძიებას გეგმავს. 

ნიკოლოზ რევაზიშვილი არ არის ერთადერთი, რომელიც გლდანის ციხიდან გაჟონილ ვიდეოჩანაწერებში იმუქრება. არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ-ა. თანასაკნელებს არწმუნებს რომ მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, შურს მისი მამა იძიებს. 

დაირღვა თუ არა არასრულწლოვნის უფლებები, როდესაც გამოძიება ზ.ხ-ს 16 საათის განმავლობაში კითხავდა-ეს იყო ზ.ხ-ს მამის პროკურორთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი, რომელიც მცხეთის სასამართლოში მოხდა.

კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ფიგურირებს ნ.ც-ა. ბრალდებული თანასკნელებს უყვება, რომ საქმის ოქროს მოწმე იაკობ ბრეგვაძე, ერთ-ერთია ვისაც საბედისწერო ღამეს შაქარაშვილის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია. 

ჩანაწერების მეორე ნაწილში კი არასრულწლოვანი საბედისწერო ღამის იუბილარსაც ადანაშაულებს. ნ.ც თანასაკნელებს უყვება, რომ გაბეჩავა 15 ათას ლარიან ჯარიმას კანონის დარღვევისთვის ელოდებოდა, რის გამოც ის ფულს წვეულების სტუმრებს სთხოვდა. 

ანა გაბეჩავას ვიდეოს ამ ნაწილზე დღეს არაფერი უთქვამს. მისი უფლებადამცველები კი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. 

გლდანის ციხეში მყოფი ბრალდებულები, საბედისწერო ღამეს განვითარებული მოვლენების გარდა ჩანაწერებში ერთმანეთსაც ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ვასო მახარაძეა, რომლის ბრალდებების მთავარი ადრესატი ვახტანგ ჩიქოვანია.

გავრცელებული ვიდეოჩანაწერების შინაარსს პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში მისცემს. მანამდე კი სახელმწიფო ბრალდება ირწმუნება, რომ თვალთვალი კანონიერად მოხდა და შესაბამისი დადგენილება საქმის მასალებშიც დევს . 

დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი დაკავებულებს უცნობია, პროკურატურა ახლა ამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს იკვლევს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი