"იძებნება სამართალი!" - დედაქალაქის ქუჩებში ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა. მათი ავტორები უცნობია. თუმცა, მოქალაქეები ამ ფორმით ქვეყანაში "კორუმპირებული მოსამართლეების" არსებობას აპროტესტებენ და ობიექტურ სასამართლო სისტემას ითხოვენ.
სტენსილების ავტორები ეხმიანებიან ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვაზე მსჯელობასაც, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას გულისხმობს და რასაც მოსამართლეთა უმრავლესობა და "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება.
"არ ვარგა, როდესაც გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. თქვენ გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე. მას მოსთხოვეს ანგარიში იურიდიულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმეს ვიზიტი ერთ-ერთ სახელმწიფოში. ამ კონკრეტული ფაქტიდან ჩანს, რომ ვიღაცების გადმოსახედიდან, გარკვეული პრივილეგიები, ვიზიტები მათ შორის, განიხილება როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთო," - ამბობს პრემიერი, ირაკლი კობახიძე.