"ნეტგაზეთი" უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის აუდიო ჩანაწერის მორიგ ნაწილს აქვეყნებს, სადაც მოსამართლე ნინო ბაქაქური დეტალურად ხსნის, რატომ არ უჭერს მხარს მოსამართლეთა საერთო განცხადებას და რატომ ემხრობა კეთილსინდისიერების შემოწმებას.
ამ სხდომაზე მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
როგორც ბაქაქური განმარტავს, მოსამართლეთა პლენუმზე მიღებული განცხადების რამდენიმე პუნქტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საკუთარ გამოსვლაში მოსამართლე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების თაობაზე. მისი შეფასებით, ევროკავშირის რეკომენდაცია არ ემსახურება მართლმსაჯულების ავტორიტეტის დაკნინებას და პირიქით, მიმართულია მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებისკენ.
ბაქაქური მოსამართლეთა კეთილსინდისიერების კონსტიტუციის ფარგლებში დადასტურების მომხრეა. ასევე თვლის, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი ქვეყნის მოსამართლეთა ქონებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ.
"ჩემთვის ნათელი არ არის, რასთან დაკავშირებით ვაკეთებთ დღევანდელ განცხადებას. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით, თუ ეს განცხადება ეხება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას საქართველოსადმი, სადაც წერია ერთ-ერთ პუნქტად, რომ მართლმსაჯულებაში უნდა განხორციელდეს გარკვეული ღონისძიებები და უფრო დეტალურად, მითითებულია, რომ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და კანდიდატების და სასამართლო სისტემაში, სხვადასხვა სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის შემოღება. ეს არის რეკომენდაცია ევროკავშირის, რომლის შესრულების გზებისა და მეთოდების შერჩევა და ზოგადად, ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმის მონახვა ვფიქრობ, არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, თუკი ხელისუფლება ჩათვლის, რომ ამ რეკომენდაციის შესრულება აუცილებელი და მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად გამონახავს ისეთ ფორმას პროცედურისა, რომელიც იქნება კონსტიტუციასთან სრულიად შესაბამისი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ჩვენი მხრიდან, ასეთი განცხადების გაკეთება გარკვეულწილად არის პოლიტიკურ პროცესში ჩარევა და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
რაც შეეხება ჩემს პერსონალურ მოსაზრებას აღნიშნულ საკითხზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია ჩვენს მიმართ, არანაირად არ ემსახურება მართლმსაჯულების ავტორიტეტის დაკნინებას. მე ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაცია მიმართულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე ქართული მართლმსაჯულების ავტორიტეტის ამაღლებისაკენ და ყველა მოსამართლის მიმართ ნდობის კიდევ უფრო განმტკიცებისაკენ.
მე ვერ წარმომიდგენია, ჩვენ, კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი ჩვენი კეთილსინდისიერების კიდევ ერთხელ კონსტიტუციურ ფორმებში დადასტურებისა, თუნდაც ასჯერ და ათასჯერ თუ ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ავტორიტეტის განმტკიცებისათვის და გაუადვილებს საქართველოს იმ პროცედურების გავლას, რაც ასე მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის და რაც არის ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის საუკუნოვანი სურვილი.
მითუმეტეს, ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, იცოდეს ყველაფერი მისი მოსამართლეების პროფესიული საქმიანობისა და ქონების შესახებ.
მე ძალიან დეტალებში არ შევალ განცხადების ტექსტთან დაკავშირებით, სამწუხაროა რომ წინასწარ არ გვქონდა ეს ტექსტი , მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე პლენუმის დაწყებამდე გავეცანი მის შინაარსს და ბევრი აბზაცის ფორმულირება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე ვერ დავუჭრი მხარს ამ განცხადებას" აცხადებს ნინო ბაქაქური.
ნეტგაზეთმა უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი ოფიციალურად მოიპოვა.