რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ მისი საჯარო პოზიციის გამო, მისი მეუღლე იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო:
"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა.
ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა.
ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში.
რათქმა უნდა ესეც გაივლის" წერს მოსამართლე მადონა მაისურაძე.
ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, მადონა მაისურაძე იმ მოსამართლეების ჩამონათვალშია, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს არ ეწინააღმდეგებიან:
მოსამართლე მადონა მაისურაძემ დღეს დაწერა, რომ მისი პოზიციის გამო ქმარს (რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობდა) სამსახურის დატოვება მოუწია.
მადონა მაისურაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეწინააღმდეგება, რადგან მას ნათქვამი აქვს, რომ: "მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ". დღესაც იგივეს იმეორებს.
ამის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ გიორგი ებანოიძე, რომელმაც მოსამართლეთა კონფერენციაზე "დააზუსტა" მისი პირვანდელი განცხადება. მთავარი ისაა, რომ თავდაპირველად ის არ გამოხატავდა წინააღმდეგობას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თაობაზე, მოგვიანებით მის მიერ გაკეთებული განმარტებები სხვა არაფერია, თუ არა პოზიციის შეცვლა. რამ ან ვინ აიძულა, რომ პოზიცია შეეცვალა? აქვე დავამატებ, რომ ჩემი ინფორმაციით, გიორგი ებანოიძის ცოლიც სასამართლოში მუშაობს.
ჩნდება კითხვა, ეჭვიც და ვარაუდიც:
მოსამართლეებს ოჯახის წევრებით აშანტაჟებენ?" წერს ჯანეზაშვილი.
[ფოტო "რადიო თავისუფლება"]