უკვე ორი წელია ბექა დათუნაშვილი გლდანის ციხის პატიმარია. 35 წლის კაცი გლდანის ციხიდან ყვება რომ ის საპატიმროში მმართველმა პარტიამ იმის გამო გაუშვა, რომ მათ მხარდაჭერასა და არჩევნებში დახმარებაზე უარი უთხრა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი დევნა და ზეწოლა დაიწყო, ის გლდანის მაჟორიტარობის მაშინდელ კანდიდატთან, ლევან კობიაშვილთან მივიდა და ინფორმაცია მიაწოდა. ბექა დათუნაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ პოლიტიკური დაკვეთა მაინც შეასრულა და ის მოგონილი ბრალდებით 10 წლით ციხეში გამოკეტეს.
35 წლის ბექა დათუნაშვილი სამართალდამცავებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. პატიმარი, რომელსაც 10 წელი აქვს მისჯილი, ამტკიცებს , რომ პოლიციამ მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ქართულ ოცნებას საარჩევნო ხმების მოგროვებაში უარი უთხრა. დათუნაშვილი ამბობს რომ მმართველი გუნდის ნების წინააღმდეგ წასვლა მას ციხეში გამოკეტვად დაუჯდა.
მსჯავრდებული დათუნაშვილი სატელეფონო ინტერვიუში ღიად ასახელებს ქართული ოცნებისა და პოლიციის იმ მაღალჩინოსნებს რომლებიც მის საქმეში ფიგურირებენ. პატიმარი გვიყვება, რომ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი და მასთან ერთად გლდანის პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომლები მის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
დათუნაშვილის მონაყოლით მოვლენები ქრონოლოგიურად ასე ვითარდებოდა - დაშინებების სერია, მანქანაში ხელკეტის აღმოჩენით დაიწყო - ბექა დათუნაშვილი თბილისში, მამის კუთვნილი ავტომობილით მეგობარ გოგონასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა, გაჩხრიკა და მანქანის სალონიდან ხელკეტი ამოიღო. ამოღების ოქმში კი, დაწერა, რომ ხელკეტი დათუნაშვილს სხეულზე ჰქონდა დამაგრებული. პატიმარი განმარტავს, რომ ხელკეტი მამის საკუთრება იყო და მასთან შეხება არ ჰქონდა.
მომხდარს მაშინ სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ, დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის მიზანი მისი დაშინება იყო.
პოლიციის დევნის ყველა დეტალი მსჯავრდებულმა სასამართლოს დასკვნით სხდომაზე აღწერა. ჩვენებაში რომელსაც "ბოროტების სამი დღე" დაარქვა, დეტალურად გაიხსენა როგორ მოქმედებდა პოლიცია მის წინააღმდეგ, სად და რა ვითარებაში გააჩერეს, გაჩხრიკეს ან შეამოწმეს.
დათუნაშვილის ჩვენებით მოსმენილის შემდეგ სახლში დაბრუნდა. მეორე დილას კი მის კუთვნილ აივანზე ტომარა იპოვა, რომელშიც იარაღი და ტყვიები იყო.
დათუნაშვილის ახლობლებიც და თავად მსჯავრდებულიც ამტკიცებენ რომ აივანზე ასვლა ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეეძლო, ამიტომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ იქ იარაღით სავსე ტომარა სხვებმა განზრახ დადეს. დათუნაშვილი ჩვენებაში ამბობს რომ თავდაპირველად ტომრის მოშორება სურდა, თუმცა, მიხვდა, რომ იარაღით გადაადგილება მისთვის კიდევ უფრო საშიში იქნებოდა, ამიტომ უბანს გაეცალა და ნაპოვნი ტომრის მოშორების უსაფრთხო გზების ძებნა დაიწყო. თუმცა უფრო დიდი პრობლემა გზაში შეექმნა. სახლისკენ მიმავალს უცხო მანქანა დაედევნა საიდანაც ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის დროს დათუნაშვილი ძმასთან ერთად იმყოფებოდა.
მანქანას 10- მდე ტყვია მოხვდა. ის და მისი ძმა კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. მას შემდეგ , რაც დათუნაშვილმა უცხო მანქანისგან თავის დაღწევა შეძლო, სახლთან მისულს, კორპუსის ეზოში კრიმინალური პოლიციის რამდენიმე მანქანა დახვდა. მისთვის ცხადი გახდა, რომ მისი სახლის ჩხრეკა იგეგმებოდა. ამიტომ ბექამ დილით ნაპოვნი ტომრის აივნიდან გადაგდება დედას სთხოვა.
დათუნაშვილის ჩვენებით სახლიდან გადაგდებული ტომარა მეზობლის აივანზე მოხვდა, სადაც საბოლოოდ პოლიციამ იპოვა. იარაღის პოვნიდან 1 კვირაში დათუნაშვილი თბილისში წერეთლის გამზირზე მეგობარ გოგონასთან ერთად აკავებენ. დასკვნით სიტყვაში პატიმარი აღწერს იმ ძალადობრივ მეთოდებს, რომლის გამოყენებითაც ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.
დათუნაშვილის მონაყოლით მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. სადაც მას აიძულებდნენ საკუთარ თავზე აეღო ორიდან ერთ -ერთი დანაშაული - წამლის ფლობა, ან იარაღის. დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის ავადმყოფ დედას დააპატიმრებდნენ. პატიმარი განმარტავს, რომ მას სხვა გზა არ დაუტოვეს, ამიტომ მათ მიერ შეთხზულ საქმეს, ხელი მოაწერა და იარაღის ფლობა, მუქარის გამო აღიარა.
ბექა დათუნაშვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა 24 აპრილს არის ჩანიშნული. ამ პროცესზე გახდება ცნობილი აღმოჩნდება თუ არა ნაპოვნ იარაღზე მისი ანაბეჭდები ან გენეტიკური კვალი. თუმცა, პატიმრის ვერსიით, პოლიციამ უკვე მოახერხა დაკავებისას მისი გენეტიკური მასალის მოპოვება , მაშინ, როცა პირის ღრუში გაურკვეველ ნივთიერებას ეძებდნენ და გამოყენებული ხელთათმანი საგულდაგულოდ შეინახეს. ამის გამო შიშობს, რომ პოლიციამ შესაძლოა კვალი იარაღზე ხელოვნურად გადაიტანოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, სიმართლისთვის ბრძოლის გაგრძელებას ის სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავს.