სასროლეთში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაღუპული კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეა

გამოქვეყნდა:

დივერსია თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა - ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. სასროლეთში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი  კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც ამავე დაწესებულების თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილებს შორის არის  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი მიზანში სროლაში ვარჯიშობდა, როცა აფეთქება მოხდა. ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.  

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. 

კოდორის სპეცოპერაცია

2007 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უშიშროებამ მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "გრუს" მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია მზადდებოდა. კოდორის ხეობაში რუსი ოფიცრები და აფხაზეთის "უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის" წევრები გადმოსვეს. მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კონკრეტული დივერსიული აქტების განხორციელება ევალებოდათ. ქართველმა სპეცრაზმელებმა მათი განეიტრალება შეძლეს - ორი რუსი ოფიცერი ადგილზე გაანადგურეს, საიდუმლო ჯგუფის წევრები კი ტყვედ აიყვანეს. ჯერ კიდევ მაშინ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ამ სპეცოპერციაში მონაწილე ქართველების სიას სთხოვდა, თუმცა ინფორმაცია კრემლმა მაშინ ვერ მიიღო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ კი ქართველი სპეცრაზმელები პროკურატურაში დაკითხვებზე დაიბარეს.

სპეცოპერაცია "კოდორი 2007"-ში დაახლოებით 15 სპეცრაზმელი მონაწილეობდა. მათგან ხუთი 2014 წელს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ერთ-ერთი შალვა თათუხაშვილია, რომლის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის წინ, ექსპერტიზის ახალი დასკვნა გახდა ცნობილი. 

"გუშინ სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა ტერაქტი. ეს ტერაქტი მოაწყვეს "გრუზინებმა". ის, რომ გაზი აფეთქდა, ეგ არის ზღაპარი. ტყვია-წამალი უცებ არ ფეთქდება, მანდ იყო მიზანმიმართული აფეთქება. პროფესიონალი მებრძოლი მოგვიკლეს ეგ კაცი იყო გმირი" ამბობს გენერალი გოგი თათუხაშვილი, შალვა თათუხაშვილის მამა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ვანო ნადირაძის შეფასებით, გუშინ მომხდარი აფეთქება, მინიმუმ 1 კგ ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი იყო. ნადირაძე ხაზს უსვამს, რომ აფეთქების ადგილას სწორედ კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე იმყოფებოდა - "როგორც სპეციალისტმა, ვერ მივამსგავსე გაზის აფეთქებას, ეჭვი მაქვს, რომ ტროტილი ან სი-4 იყო გამოყენებული, ასაფეთქებელი ნივთიერება" - ამბობს ნადირაძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი