ახალგაზრდა კაცი პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მალხაზ გიორგაძე გასულ ღამეს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციამ მისი გაჩერება სცადა, თუმცა ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დაზარალებული ყვება, რომ პოლიცია საცხოვრებელ სახლში წაჰყვა, შეიჭრნენ მის ბინაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მის ხანშიშესულ მამას. ოჯახის ცნობით, ჩხრეკის ორდერის არარსებობის მოუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ბინა. ნაცემი კაცი კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს დევნა და მაშინ როდესაც მანქანა უკვე გაჩერებული იყო მისამართზე და დაკავებული პირი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ადგილზე, სამზარეულოში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეცვივდნენ კერძო საკუთრებაში, დაკავებულის მამამ განუცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება ტერიტორიაზე ყოფნის და მოსთხოვა დაეტოვებინათ ტერიტორია, რა დროსაც საპატრულო პოლიციის მხრიდან მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაკავებულის მამაზე, კერძოდ, სახეში ხელის გარტყმა და შუბლზე იარაღის მიბჯენა, ამავე დროს უხეშად შეღებულ იქნა სამზარეულოს კარი და სრულიად უკანონოდ მოხდა პირის დაკავება", - ამბობს ადვოკატი, ნათელა სივსივაძე
მანანა გიორგაძე, დაზარალებულის დედა ყვება, რომ სახლში არ შეუშვეს და პოლიციამ ბინა გაჩხრიკა.
"ჩემი ქმარი ტიროდა, რომ ხელი დამარტყესო, 70 წლის არის ჩემი ქმარი, შვილს გადაეღობებოდა წინ მამა, როცა არ არის დამნაშავე, და ხელს ურტყამენ 70 წლის კაცს, ამათ რა უნდა მოვთხოვო, რა პასუხი უნდა მოვთხოვო", - ყვება ქალი.