გიორგაძეების ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. დაკავებული მალხაზ გიორგაძის მამა ყვება, რომ პოლიცია მას და მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ოჯახი ყვება, რომ კაცი ღამით გლდანში, საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, პატრულმა მისი გაჩერება სცადა, თუმცა ის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მამა ამბობს, რომ მალხაზ გიორგაძეს ეკიპაჟმა სახლამდე სდია, შემდეგ ბინაში შეიჭრნენ და იძალადეს.
"შემოვარდნენ შიგნით, მე არ ვუშვებდი ჩემი შვილისკენ მაგათ, ადგა ერთ-ერთმა დამარტყა ხელი, ადგნენ მერე, ორივემ ამოიღო იარაღი, შეაყენეს იარაღი და დაგიცხრილავ ფეხებსო", - ყვება კაცი.
დაკავებულის დედა ყვება, რომ მის შვილს სხეულზე სილურჯეები აქვს, ნაღრძობი აქვს ხელი, ის ღამით კლინიკა "ვივამედში" ჰყავდათ მიყვანილი. ადვოკატის განცხადებით, საქმეზე მოკვლევა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მას სახლში შეეჭრნენ, შესაბამისად, ადგილზეც ჰქონდა ძალადობას ადგილი, ამავე დროს შსს-ს შენობაშიც ჰქონდა ადგილი ცემის ფაქტს. ნაცემია დაკავებული, ამ ეტაპზე იმყოფება დროებით მოთავსების იზოლატორში", - ამბობს დაკავებულის ადვოკატი, ნათელა სივსივაძე.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ამბობს, რომ დაკავებული პოლიციელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ერთ-ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.