ლაზარეს საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო | TI

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ 4 მიწის ნაკვეთს დეკლარაციაში მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

ზვიად შარაძე 2020 წელს განიხილავდა კარტოგრაფების საქმესაც. TI-ის თქმით, სწორედ 2020 წელს დაადეკლარირა მან მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ  4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. 

"საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი ზვიად შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო.

დამალული უძრავი ქონება: ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს:

დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას," - წერს TI.

ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით, ანტიკორუფციულმა ბიურომ კი შეისწავლოს ზვიად შარაძის დეკლარაცია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი