"ოცნების" პროკურატურამ მოულოდნელად 15 წლის წინანდელი საქმე გააცოცხლა. ბრალდებული ყოფილი პოლიციელია, თუმცა ახლა "ოცნების" ოპოზიციაშია. ლაშა ცანავას 2009 წლის ერთ-ერთი აქციის საქმე გაუხსენეს, დაიბარეს პროკურატურაში, ბრალი წაუყენეს, გირაო შეუფარდეს და საქმის მასალებიც გამოატანეს.
ჩვენებებს ლაშა ცანავას წინააღმდეგ ის ადამიანები აძლევენ, ვინც წინა მთავრობის დროსაც ძალოვან უწყებაში მუშაობდნენ და ოცნების მთავრობაშიც მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ.
ლევან ხარაბაძე - 2009 წელს ტაბახმელას პოლიციის უფროსი იყო, ბრძანების გამცემი ერთ-ერთი პირი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ძალოვან უწყებაში დარჩა და 2024 წლის მარტის ჩათვლით გურიის პოლიციის უფროსად მუშაობდა. ახლა კი პრემიერის გადაწყვეტილებით შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა.
მიხეილ პაპიაშვილი -2009 წელს, ამ მოვლენების დროს ძველი თბილისის პოლიციაში მუშაობდა. ხარაბაძის მსგავსად 2012 წლის შემდეგად ძალოვან უწყებაში დარჩა და 2023 წლამდე ძველი თბილისის მე -7 -ე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ახლაც მოქმედი მაღალჩინოსანია.
საკუთარი დანაშაული არ ახსოვს, მაგრამ მისი კოლეგები,რომ ხალხს ურტყამდნენ დაინახა და წლების შემდეგაც დეტალურად გაიხსენა. არადა ამავე სისხლის სამართლის საქმეში დევს ფოტოები, სადაც მისი სავარაუდოდ დანაშაულებრივი მოქმედებების შეფასება გამოძიებისთვის რთული არ უნდა იყოს.
ავთანდილ გალდავა - 2009 წელს ისიც ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი იყო. 2012 წლის შემდეგ სამცხე ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციების უფროსის თანამდებობებს იკავებდა. 2021-23 წლებში ვაკე -საბურთალოს სამმართველოს უფროსი. ბოლო რამდენიმე თვეა სახლშია.
"დავინახე, რომ ერთ-ერთ წაქცეულს ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ადგა ხელკეტით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი და გამეტებით ურტყამდნენ მას, წაქცეული ახალგაზრდა კი განწირული ხმით იხვეწებოდა "არ დამარტყათ "-ო. მე მივუახლოვდი აღნიშნულ ახალგაზრდას და ვუთხარი ადექი მეთქი, მაგრამ იგი ვერ დგებოდა , ამ დროს მას კიდევ მოუქნიეს და დაარტყეს ხელკეტები, რა დროსაც მოვკიდე მაისურში ხელი და გავათრიე აღნიშნული ადგილიდან." - წერს გალდავა ჩვენებაში.
ამავე ჩვენებაში ის ამბობს, რომ ფოტოში ყოფილი კოლეგა ლაშა ცანავა ამოიცნო, რომელიც ხელკეტით შეიარაღებული აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება. დღეს გვიმტკიცებს,რომ მას ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.
ყველა ეს პირი ამტკიცებს,რომ მაშინ ხალხს ფიზიკურად სხვები გაუსწორდნენ, ისინი კი დაზარალებულებს ეხმარებოდნენ. ერთადერთი ვინც 15 წლის შემდეგ აღიარებითი ჩვენება მისცა თეიმურაზ ვეშაპიძეა.
"გამოვედი მწყობრიდან და ერთ-ერთ მათგანს , რომელიც იყო წაქცეულ მდგომარეობაში, რამდენჯერმე ჩავარტყი ჩემ ხელთ არსებული ხელკეტი. აღნიშნული გავაკეთე ფაქტობრივად გაუცნობიერებლად, რადგან ვიყავი დიდი ემოციების ქვეშ, გაღიზიანებული და ვერ მოვთოკე ნერვები. ხსენებული ფაქტის ამსახველი ვიდეო გავრცელებულია საჯაროდ სხვადასხვა პლატფორმაზე და აქამდეც ნანახი მაქვს. ხსენებული ვიდეოს ნახვის შემდეგ და ზოგადად ფაქტის გააზრებისთანავე, რა თქმა უნდა, საკუთარი საქციელი არ მომწონებია და დღემდე ვნანობ".
2009 წელს ამ დაპირისპირების დროს ის ძველი თბილისის სამმართველოს ინსპექტორების განყოფილების უფროსი იყო. უწყებაში 2012 წლის შემდეგაც დარჩა, თუმცა ბოლო წლებში ე.წ პენსიაზე გავიდა. წყაროს ინფორმაციით ამ საქმეზე მიცემული ჩვენების სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინეს და ახლა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობს.
მიმდინარე წლის 6 მარტს მიცემულ ჩვენებაში ისიც კოლეგების მსგავსად , რა თქმა უნდა , ხელს ლაშა ცანავას და კიდევ რამდენიმე ყოფილ პოლიციელს ადებს, იმათ ვინც ქართული ოცნების დაკვეთების შესრულებაზე ადრე თუ ცოტა უფრო მოგვიანებით უარი თქვა და ძალოვანი უწყებიდან წავიდა.
მოწმეთა ჩვენებების გარდა საქმეში ლაშა ცანავას დანაშაულზე სხვა არაფერი მიუთითებს. ექსპერტიზის დასკვნაც კი, რომელშიც 2018 წელს დაწერეს, რომ არსებულ ფოტო/ ვიდეო მასალაში ლაშა ცანავას იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ექსპერტიზის ამ დასკვნით ცანავას დანაშაულს ვერ დაამტკიცებენ. ამიტომ პროკურატურამ სხვადასხვა მედია- საშუალებიდან დამატებით გამოითხოვა ყველა ის კადრი,რომელიც 2009 წლის 15 ივნისის მოვლენებს ასახავს, იმ იმედით რომ სადმე ნაციონალური მოძრაობის წევრს იპოვიან.
უფლებამოსილების გადამეტება ძალის გამოყენებით - 15 წლის შემდეგ 8 ყოფილ პოლიციელს ბრალდება ამ მუხლით წარუდგინეს. უკვე ჩატარდა სასამართლო სხდომაც, სადაც მოსამართლემ ლაშა ცანავას აღკვეთი ღონისძიების სახით 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გაიზიარა პროკურატურის მტკიცება,რომ 15 წლის შემდეგ არსებობს მიმალვის საფრთხე.