საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკის ფონზე, მოსამართლეები მილიონ 300 000 ლარის სახელფასო დანამატს ბიუჯეტის ხარჯზე მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "სასამართლოს გუშაგი" ავრცელებს და წერს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ.
კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს. თითოეულ მათგანს საშუალოდ 5 000 ლარი ერგება.
"კანონით განსაზღვრული არის მოსამართლის ანაზღაურება. ამას ემატება საბჭოს მიერ განსაზღვრული ყოველთვიური დანამატი, რომელიც ყველა მოსამართლეზე გაიცემა და ამას დაუმატეს კიდევ, ახლა, აპრილის თვეში, აი, ეს ახალი დანამატი, რომელმაც შეადგინა მილიონზე მეტი ლარის ოდენობა. როგორც ჩანს, მნიშვნელობა არ აქვს მათთვის სისტემა როგორ მუშაობს - გამართულად მუშაობს, ეფექტიანად თუ ხარისხიანად, ამაზე საერთოდ არ არიან ორიენტირებულნი. მათთვის მთავარია, რომ სარგებელი ამ ფორმით იყოს მიღებული," - ამბობს "სასამართლო გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი.
ცნობისათვის, მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღსანიშნავია, რომ დანამატების ოდენობა ან მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის დანამატი გასცეს მოსამართლეებზე.
როგორც "სასამართლოს გუშაგი" ამბობს, მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესის გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, მოსამართლეზე გავლენის მოხდენის რისკს ზრდის. ამჯერადაც, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავისი ფართო უფლებამოსილების ფარგლებში, აპრილის თვეში განსაზღვრა დანამატი, რომლითაც, ფაქტობრივად, მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო გააორმაგა.
ფოტო: "სასამართლოს გუშაგი"