ფონიჭალაში ადგილობრივ სასულიერო პირს ვიდად ქურბანოვს ჯგუფურად თავს დაესხნენ, სცემს და თავის არეში ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. სასულიერო პირი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული.
ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, ინციდენტში მონაწილე პირები დაკავებულები არ არიან. თავდამსხმელების ვინაობა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილია. დაპირისპირებაში სასულიერო პირის დეიდაშვილი ფიგურირებს:
"ჩემი შვილი მედრესეში ასწავლის. სამი დღის წინ ჩემმა დისშვილმა დაურეკა, მიაკითხა და მანქანაში ჩაისვა. ჩემმა შვილმა არ იცოდა რას უპირებდა, იმ სოფლიდან შორს გაიყვანა, დახვდნენ და მოძალადეები დაახვედრა. ძველი ჩხუბის გაგრძელებაა როგორც ვიცი. ჩემმა დისშვილმა ჩემს შვილს ბლაგვი საგანი ჩაარტყა სახეში, შემდეგ მას წიხლებით სცემეს, ჩემი შვილის მოკვლა უნდოდათ." ამბობს დაჭრილის დედა "მთავართან".
"ვითხოვთ ყველა დაისაჯოს ვინც ჩემ ძმას დაესხა თავს, განსაკუთრებით ჩემი დეიდაშვილი, რომელმაც ჩემი ძმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა გვემუქრება, რომ თუ ვიჩივლებთ მოგკლავთო. მივმართავთ პოლიციას სასწრაფოდ დასაჯონ დამნაშავეები. " ამბობს დაჭრილის და.