14 წლის აითაჯის საქმეზე დაკავებული დედისა და ბიძის მიმართ სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს. 

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. 

დედის ადვოკატი ამბობს, რომ ეგანა მაგარამოვა მუქარისა და იძულების მსხვერპლი იყო და შეუძლებელია ამ პირობებში ვინმეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. 

პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის თქმით, აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ბრალდებულების მიერ 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს.

"დედისა და ბიძის მიმართ არსებობს როგორც პირდაპირი ასევე ირიბი მტკიცებულებები, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა 13 წლის გოგოს მიმართ, როგორც ქორწინების იძულება, ისე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის შეუტყობინებლობა", - თქვა გოგრიჭიანმა და აღნიშნა, რომ უწყებას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ალიმ სადიკოვია დაკავებული, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, არასრულწლოვანი ბავშვი ქორწინების მიზნით მოიტაცა. 

14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი