ხუთ დღეში სასწავლო პროცესი იწყება, თუმცა სამინისტროებს სკოლაში არსებული მძიმე მდგომარეობა მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როცა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. შრომის ინსპექციამ სასწავლო დაწესებულებების ნაწილი შეამოწმა - 100-მდე სკოლამ ვერ დააკმაყოფილა ელემენტარული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, ამიტომ ახლა ამ სკოლებმა ხელმეორე შემოწმებამდე მუშაობა ონლაინ რეჟიმში უნდა განაგრძონ.
ისინი, ვინც კარგად იცობენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ამბობენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ ამისთვის არაფერი გაააკეთა. მათი თქმით, კოვიდ 19-ის პანდემიის დროს გამოყოფილი ფული ჩინოვნიკებმა ბავშვების ნაცვლად, საკუთარ კეთილდღეობას მოახმარეს.
ასობით ბავშვს დისტანციურად სწავლა მხოლოდ იმიტომ მოუწევს, რომ სამინისტრომ და ხელისუფლებამ მეორე ტალღაზე არ იფიქრეს, არ გამოასწორეს სკოლებში არსებული მძიმე სანიტარული მდგომარეობა, ამ დროს კი ამ ბავშევბის დიდ ნაწილს არ აქვს კომპიუტერი, თანამედროვე სმარტფონი და ინტერნეტი - გამოდის, რომ ასობით ბავშვს სახელმწიფო განათლებაზე უარს ეუბნება.